“ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ტოტალურად გააყალბებს და შერჩება, ხალხი არ შეარჩენს! ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, ჩვენი ამოცანა არის, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე მოიგებს, სამართლიანად დავიცვათ მისი ხმები“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა წინასაარჩევნო პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მძიმე მდგომარეობაშია.
„საარჩევნო კამპანია მძიმედ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა. რას ჰგავს ბილბორდები?! „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი გააქრო და ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოთხიოდე მხლებელმა სურათებზე საკუთარი თავი გამოფინა.
საარჩევნო კამპანია ძალიან ცუდად მიმდინარეობს, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე პროგრამაზე საუბარს მაინც ახერხებს. ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საზოგადოებას ახლაც ემალება, წარსულზე საუბრობს, ვაშაძე კი მომავალზე. ამასთან, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისაგან, გრიგოლ ვაშაძე ქვეყანას ორ საქართველოდ არ ჰყოფს.
აშკარაა და რიცხვებიც ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ფავორიტია. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ვაშაძე ამბობს, რომ ეს მისი საპრეზიდენტო კამპანიაა, ისიც მსიამოვნებს, როცა ამბობს, რომ რევოლუცია მასში ზიზღს იწვევს. ამომრჩეველთა დაშინება ვერ იმუშავებს და ბუნებრივია, ჩვენ გრიგოლ ვაშაძის ხმებს დავიცავთ“, _აღნიშნა ბერძენიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ, 28 ნოემბერს, გაიმართება. საპრეზიდენტო მარათონში ერთმანეთს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდება.