მიკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებსა და კომიტეტებში.
„რიგგარეშე სესია მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად. სხდომა 46 დეპუტატის მოწვევის საფუძველზე მოვიწვიეთ. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დრო არ არის დასაკარგი, ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებში, კომიტეტებში, რათა რეკომენდაციები შესრულდეს“, – აღნიშნა მსხილაძემ.
კითხვას იმის შესახებ, რომ უმრავლესობა არ აპირებს სხდომებში მონაწილეობის მიღებას, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ უკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ.
„პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე“, – განაცხადა მსხილაძემ.