ბრიტანელი, რომელიც ხშირად იყო უბედური შემთხვევის მსხვერპლი, კიდევ დაზარალდა. 64 წლის ფერმის მუშაკმა, მიკ ვილარიმ, საერთო ჯამში სხეულის 30 სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, მათ შორის – ძვლის 15 მოტეხილობა. ამჯერად კი მისი ფეხები ექსკავატორმა დაასახიჩრა და საავადმყოფოში წევს. უფრო ადრე ვილარი ექსკავატორის ცხაურიდან გადმოვარდა. ის ახლაც ექსკავატორის მსხვერპლია, რომელიც შემთხვევით დაიძრა და მიკი კედელზე მიაჭყლიტა, აღმოჩნდა, რომ მარცხენა ფეხი მხარზე იყო მიჭერილი, ხოლო მარჯვენა – არაბუნებრივი მიმართულებით მიტრიალებული. მიუხედავად ასეთი საშინელი დაზიანებებისა, ექიმებმა სასწაული მოახდინეს და მას ფეხები შეუნარჩუნეს. მიკი ნახევარი წლის შემდეგ სიარულსაც შეძლებს.
ვილარი აღიარებს, რომ მას ხშირად ემართება უბედური შემთხვევები. უსიამოვნებები ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას დაიწყო, როდესაც დურჰემის ფერმაში მუშაობდა: მოიტეხა ლავიწის ძვალი, კოჭები, გაიბზარა ნეკნები, დაიჭრა დანით; ჯოხის გათლას რომ ცდილობდა, თითიც კი მოიჭრა. თითები მრავალჯერ მოუტეხავს, დაუჩეჩქვავს ჩაქუჩით; ძვლების მოტეხილობა ძროხის ჩლიქების დარტყმისგანაც კი მიუღია. ერთხელ კიბეზე თივის შეკვრა ჩამოჰქონდა, საფეხურზე მჯდარ კატას ფეხი დააბიჯა და დაბლა სულ კოტრიალით დაეშვა.
„ეს, სამწუხაროდ, უკვე სასაცილოა. მასთან ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. თუ რამე უნდა მოხდეს, მხოლოდ მიკის ემართება. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მან კარტოფილის ნათალს დააბიჯა ფეხი, ასრიალდა, დაეცა და ორივე კოჭი გადაიტეხა“, – ყვება მისი ტანჯული ცოლი – ეველინი და, – „მიუხედავად ყველაფრისა, ძალზე შრომისმოყვარე ადამიანია, ოჯახს ძალიან ენატრება, განსაკუთრებით – შვილიშვილებს და მეც. უმისოდ ადგილს ვერ ვპოულობ, იგი ჩემი ქვის კედელია“.
ავტორი