მსოფლიო ლიდერები ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია.
„გენერალური მდივანი იმედგაცრუებულია აშშ-ის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების გამო. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი მხარდამჭერების დარწმუნება შეძლონ ძალადობისგან თავის შეკავებისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემის აუცილებლობაში“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკულ დემოკრატიას მხარდაჭერას უცხადებს.
„ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, მაგრამ გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიის. ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის”, – აცხადებს ემანუელ მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც მისი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით აშშ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის იბრძვის და ახლა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
„სამარცხვინო სცენები კონგრესიდან. აშშ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის იბრძვის და ახლა საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდეს“, – წერს ბორის ჯონსონი Twitter-ზე.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგის თქმით დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ
„ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელის განცხადებით ამერიკული დემოკრატია დღეს ალყაშია მოქცეული
„მსოფლიოს თვალში ამერიკული დემოკრატია დღეს ალყაშია მოქცეული. არნახული შეტევაა აშშ-ის დემოკრატიაზე, მის ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობაზე. ეს არ არის ამერიკა. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები სრულად უნდა იქნას დაცული“, – დაწერა ჟოზეპ ბორელმა Twitter-ზე.
ასევე ვაშინგოტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანსუა-ფილიპ შამპანი, მისი თქმით დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.
„კანადა უკიდურესად შეშფოთებულია იმის გამო, რაც ვაშინგტონში ხდება. დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. ეს ასე უნდა იყოს და ასეც იქნება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს და ჩვენი ფიქრებით ამერიკელ ხალხთან ვართ“, – დაწერა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლის თქმით არჩევნების შედეგებს ყველამ უნდა სცეს პატივი.
„შეშფოთებულნი ვართ კაპიტოლიუმში განვითარებული პროცესების გამო და მივიჩნევთ, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს ყველამ უნდა სცეს პატივი. დარწმუნებულნი ვართ, რომ აშშ დემოკრატიული ნორმების დაცვას შეძლებს“, – დაწერა დავიდ სასოლიმ Twitter-ზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტე განცხადებით ძალადობა დემოკრატიასა და თავისუფლებასთან შეუთავსებელია.
„შეშფოთებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ახლა ვაშინგტონში ხდება. ძალადობა დემოკრატიასა და თავისუფლებასთან შეუთავსებელია. დარწმუნებული ვარ ამერიკული ინსტიტუტების ძლიერებაში“, – დაწერა იტალიის პრემიერმა Twitter-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თქმით კი ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო.
„მჯერა აშშ-ის ინსტიტუტებისა და დემოკრატიის სიმტკიცის. მთავარი საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო მასთან, როგორც აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტთან“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.






























































