საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალები გამოითხოვა, _ ამის შესახებ განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს.
“მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც ეხება 2016 წლის პერიოდში თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ არაერთხელ განაცხადა, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები არ გასაჯაროვა და რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს არ გადაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოითხოვოს მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის. წერილი აუდიტის სამსახურს დღეს გადაეგზავნა”, – წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურის დასკვნა დღეს უნდა გასაჯაროვდეს. უწყების ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განმარტებით, დოკუმენტში საუბარია თბილისის მერიაში მიწების ჩანაცვლება-აუქციონების პირობებზე, რაზეც კითხვის ნიშნები გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” 12 მაისს დაპირისპირება მოხდა.
ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ, რასაც მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.