ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. 19 წლის ნათია ართმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდან იყო. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმში გააგრძელა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.
“მთელი ნასაკირალი გლოვობს, ყველანი დამწუხრებულები ვართ. წუხელ, გვიან გადმოასვენეს ნათია მშობლიურ დაბაში. წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო”, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესო ქათამაძემ.
დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ნათია გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე იყო.
“სკოლაში ძალიან აქტიური და წარჩინებული მოსწავლე იყო. პირველივე წელს ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ყველანი გაოგნებული და დამწუხრებულები ვართ“, _ თქვა ზაზა ცეცხლაძემ.
ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე არავინ საუბრობს.
“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ნათია მეგობართან ერთად მტირალას მთაზე აპირებდა ასვლას, გზაში კი ავტოავარია მოხდა. ნათია ჰყავს დედა, მამა და ერთი და.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.