ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ თხინვალში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ 15 წლის გიორგი ბაქანიძეს ხვალ დაკრძალავენ.
“მთელი სოფელი გლოვობს გიორგის დაკარგვას, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს თხინვალის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანული ბოლქვაძე.
“ძალიან ყურადღებიანი, ზრდილობიანი, მოყვასი. საოცრად ნიჭიერი ბავშვი იყო. ინტელექტ-თამაშებში მონაწილეობდა და მის გარეშე არ მიდიოდა გუნდი. ძალიან გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი”, _ თქვა ნანული ბოლქვაძემ.
გიორგი სპორტით იყო დაკავებული. ის მკლავჭიდზე დადიოდა. მეგობრები მას მოფერებით “ბენდუს“ ეძახდნენ.
“არ მჯერა.. რომ შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ, გიო. არ მჯერა, რომ ჩვენს კლასში გაღიმებული არ შემოხვალ და არ იტყვი: დამაგვიანდაო… მოსაგონებელი ბევრია. მაგრამ, ვაი, რომ მოგონებასაც ტკივილი ერთვის. 10 წელი ერთად. ძმაო, მეგობარო. ყველას ტკივილი ხარ“, _ წერს ფეისბუქზე გიორგი ბაქანიძის მეგობარი თამარ სირაძე.
15 წლის გიორგი ბაქანიძე მანქანით სოფლის მდინარეში გადავარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.