სუფსაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, წლებია, მოსახლეობა უგზოობას უჩივის. მართალია, პერიოდულად ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად გზის დაგრეიდერებას ახორციელებს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს _ დროის მოკლე მონაკვეთში გზა ისევ გამოდის მწყობრიდან და უამინდობისას მთლიანად წყლით იფარება.
“რამდენიმე წელია, რაც ეს პრობლემა დგას და არაერთი დაპირების მიუხედავად, რომელი მთავრობა გააკეთებს, ღმერთმა იცის. გულსატკენია, რომ არასდროს გამოუჩნდა ჩვენს სოფელს პატრონი, ცოტა მაინც რომ მოხედოს, ყველა თავის ჯიბესა და სკამისთვის იბრძვის. ჩვენივე ბრალია ამ დღეში რომ ვართ _ ის შინაურია და ვერ ვიტყვი, ის მეგობრის შვილია… ხალხი არ ვარგივართ, მეტი არაფერი.
მოიყვანენ გრეიდერს, გადაატარებენ, თვითონ საქმეში კი ეთვლებათ და თანხებიც იხარჯება, მაგრამ, საბოლოოდ, პრობლემის მოგვარებას ეს არ შველის _ მოკლე ხანშივე უვარგისი ხდება გზა, უშველებელი ორმოები ჩნდება და წყლით ისე იფარება, ნავი კი არა, გემი ხდება საჭირო გასავლელად. ვენეციაში ვცხოვრობთ გვგონია და არა სუფსაში”, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებლები და ჩვეული გურული იუმორის მოშველიებით ხელისუფლების წარმომადგენლებს რჩევასაც აძლევენ: “აქ ორი ცალი “სპასატელნი ჟილეტიც” რომ ჩამოკიდოთ, თქვენთვისვე იქნება კაი, მუნიციპალიტეტის მიღწევების შესამოწმებლად წამოსულები რომ არ დაგვეხრჩოთ”.
როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის თაობაზე არა ერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ განათავსეს მდგომარეობის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა, მაგრამ ამაოდ, წლების მანძილზე ეს გზა მაინც ვერ მოხვდა გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში.
“ხალხი არ ვარგივართ _ რას ვერჩით სხვას? გზის ნაცვლად ხომ გაგვიკეთეს 200-ათას ლარიანი პარკი, სანაგვედ რომაა იქაურობა ქცეული?! ისე, იცოცხლე, არის დაპირებები, გაკეთდებაო, მარა დაპირებებს იქეთ საქმე არ წასულა, თუ არ ჩავთვლით წელიწადში ორჯერ გრეიდერის გადაგრუხუნებას.
ყველას ეზარება ამ გზაზე შემოსვლა, არადა რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, თან ბათუმისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, მარა, სადაა გზა?!
იმდენჯერ დაიდო სოციალურ ქსელში ამ გზის სურათები და ვიდეოები, რომ მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?! გადმოგვხედეთ, ხელისუფალნო, მაღალი სკამებიდან!” _ თხოვნით მიმართავენ ადგილობრივები ხელმძღვანელ პირებს და პრობლემის გადასაჭრელად “ალტერნატიულ” ვერსიასაც სთავაზობენ: “თუ საშველი არაა, გადავხუროთ ეს ქუჩა, ზამთარში გავყინოთ და ჰოკეის და ფიგურული სრიალის შემსწავლელი წრე გავხსნათ, ზაფხულში კი _ ცურვის”.
სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ კუკულავა “გურია ნიუსთან” საუბრისას დაპირებას იძლევა, რომ 2020 წლისთვის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელდება:
“ამ ეტაპზე ეს გზა დაგრეიდერებულია, თუმცა, სამომავლოდ გეგმაშია მისი სრული რეაბილიტაცია. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის ჩასმულია მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, აქ სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და სოფელ წყალწმინდამდე მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია”, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი.