რუსთაველის გამზირზე, სადაც გრანდიოზული აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს, წუთიერი დუმილი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებსა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს აგრესორ რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას.
შეკრებილებს კი უკრაინიდან ქართველმა მებრძოლებმა მიმართეს და ევროინტეგრაციასა და მათ მოთხოვნებს მხარდაჭერა ფრონტის ხაზიდან გამოუცხადეს:
“არ გვინდა მტერი, მტერი ერთია – რუსეთი. ოდითგან მოგვდევს და ცუდის მეტი რუსეთს ჩვენთვის არაფერ გაუკეთებია. ერთმორწმუნე არ არის, მაგათ ქრისტიანობის არაფერი გააჩნიათ და გონს მოდი ვინც მხარს უჭერთ რუსეთს. მას ცუდის მეტი არაფერი მოუტანია ჩვენთვის. ოკუპაცია, ოკუპაცია, ოკუპაცია… მტერი გვყავს მთელ დედამიწას ერთი, ეს არის რუსეთი, ამიტომაც ვუჭერთ მხარს ევროკავშირს. ევროკავშირი არის წინსვლა, გამარჯვება და განათლება, განათლებული საქართველო კი იქნება ბედნიერი, ძლიერი საქართველო, ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ არ ვეკუთვნით არც ერთ პარტიას, არავის დამცველები არ ვართ, ვართ მეომრები, რომლებიც ვიბრძვით უკრაინაში საქართველოს სახელით და გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, გვინდა დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო”, ამბობენ ქართველი მეომრები.
რუსთაველის გამზირზე უკვე ერთი საათია მასშტაბური აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხია შეკრებილი. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
ავტორი