„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადაგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.
არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. საეკლესიო წესით უნდა დაისაჯოს და განიკვეთოს ყველა ის მთავრობის წარმომადგენელი და პოლიციელი, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. მაგრამ დუმს მეუფე შიო და არ იცავს სამწყსოს – ის დაკავებულია მხოლოდ იმ მართალი არქიმანდრიტების დასჯით, რომლებიც მას ამხელენ.
მას და მის დეკანოზებს მხოლოდ პირადი მხილება აწუხებთ და არ ადარდებთ არც ქრისტეს შეურაცხყოფა და არც ქართველი ხალხის ტანჯვა და გენოციდი.
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მგელი ჭამს ცხვრებს?
მწყემსობა ხალხზე ბატონობა კი არა, ხალხის მსახურებაა. შეუძლებელია ერს ყავდეს მამამთავრობის ისეთი მსურველი, რომელიც არ განიცდის და არ სტკივა ხალხის უბედურება და მწამებლებთან ერთად ნადიმობს. ასეთი მღვდელმთავარი არათუ მამა, არამედ მამინაცვალიც კი არ არის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო.
ინფორმაციისთვის, პირველ დეკემბერს, ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ბიბისის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სსკ-ს 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.




























































