მთიან ყარაბაღში დღეს დილიდან მიმდინარეობს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სადაც პრეზიდენტის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების – 33 მანდატისათვის -12 პოლიტიკური ძალა ეცილება ერთმანეთს.
ამ საარჩევნო პროცესს უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან.
„ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას,“- ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.
ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში ტარდება კორონავირუსის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული საერთო შიშის ფონზე. თუმცა მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე რეგიონში არ გამოვლენილა კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტი.
მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო,სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1990-იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტს 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასობით კი დევნილად იქცა.
კონფლიქტის ზონაში, 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, კვლავ იღუპებიან ადამიანები საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისა თუ ორმხრივი სპონტანური საბრძოლო მოქმედებების შედეგად.