საგარეჯოს პოლიციის სამმართველოსთან გუშინ დაკავებული პირების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის,ლაშა ფარულავასა და”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ლომიძის სასამართლო პროცესი 30 მაისამდე გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გაათავისუფლეს.
„სასამართლო პროცესი გადაიდო 30 მაისის 14:00 საათამდე. ჩემი დაკავება უცნაური ფორმით მოხდა, აბსოლუტურად არ არსებობს ამის მიზეზი და არგუმენტი. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა დაკავების მიზეზი ყოფილიყო, ჩემი შეძახილებია – „საქართველოს გაუმარჯოს“ და „ძირს რუსული მმართველობა“. ამ შეძახილების გამო დამაკავა პოლიციამ, თუმცა, დღეს ისინი პროცესზე არ მოსულან და გამოგზავნეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან საქმის დეტალებში, არ იციან რა მოხდა რეალურად, მხოლოდ ერთი რამ იციან, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილი უნდა ასიამოვნონ. რეალურად, დაკავებული ვიყავი იმის გამო, რომ ლავროვის შვილს თავყრილობა ჩავუშალეთ,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ადვოკატ ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რის გამოც, პროცესის გადადება გახდა საჭირო.
„სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო არსებითად განხილვა ლაშა ფარულავას და გიორგი ლომიძის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალების განხილვის თაობაზე. საქმეზე გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის, ვინაიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვერ წარმოადგინეს ვიდეო-ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც სასამართლომ თავად მიიღო გადაწყვეტილება მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით შეგროვებისა და შესაბამისად, ჩანიშნული სასამართლო სხდომა სხვა დროისთვის გაიდო“, – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.