„რუსთავი 2“-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებმა აფგან მუხთარლი ციხეში 16 საათით ადრე დააბრუნა. თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი ოჯახური მდგომარეობის გამო 48 საათით იყო გათავისუფლებული.
„კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლიმ აღნიშნა, რომ მისი გატაცება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით მოხდა. მისი თქმით, ოპერაციას წინ გიორგი კვირიკაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.
აფგან მუხთარლი ამტკიცებს, რომ ილჰამ ალიევის სამიზნე მისი ჟურნალისტური გამოძიებების გამო გახდა. ბოლოს ის საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიზნესინტერესებს იძიებდა. მან დაადგინა, რომ პრეზიდენტი ალიევი ძველ თბილისში სასტუმროს, ავიაკომპანიის და კახეთში მიწის ნაკვეთების მფლობელია.
აფგან მუხთარლი დარწმუნებულია, რომ ალიევის ბიზნესპარტნიორი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც გამომძიებელი ჟურნალისტი კურიერთან ინტერვიუში საქართველოს მთვარობის რუხ კარდინალად მოიხსენიებს.
აფგან მუხთარლი თბილისში 3 წლის განმავლობაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ქართველი სამართალდამცველები თბილისში საკმაოდ დიდხანს უთვალთვალებდნენ.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მის გატაცებაში ორივე ქვეყნის მაღალი რანგის ძალოვნები იყვნენ ჩართულები.
აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა თემიდამ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდისთვის შეუფარდა.
ქართულ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, როგორ აღმოჩნდა 28 მაისს საღამოს სახლში მიმავალი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც მას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული ჰქონდა.
rusatvi2.ge
ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: აფგან მუხთარლის განცხადებები ეჭვებს ბადებს