სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა,_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას.
საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK TV-ის დამფუძნებლის ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებს აღწერს.
საჩივრის მიხედვით, სამივე მათგანს ბოლო დღეებია უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებიან და მათ შესახებ პერსონალურ და არა საჯარო ინფორმაციას უსახელებენ და ემუქრებიან. სატელეფონო ზარით ანგარიშსწორებით დაემუქრნენ უცნობი პირები ნათია კუპრაშვილსაც.
“ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია წარმოშობს გარკვეული სახის ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც მას უკავშირდებიან, მის შესახებ იციან ყველაფერი და წარმოადგენენ საფრთხეს ნანა ბიგანიშვილისა და მისი ოჯახისათვის”– წერია საჩივარში.
საჩივარი ეხება დღეს სხვადასხვა მედიის ოფისთან და აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ პლაკატებსაც. მაგალითად სტუდია მონიტორის ოფისთან გამოაკრეს პლაკატები ნინო ზურიაშვილის ფოტოებით და შეურაცხმყოფელი წარწერებით „ფულზე გაყიდული აგენტები“ „ანტი-ქართული სააგენტო“ და სხვა.
ჟურნალისტებმა საჩივარი მედია ომბუდსმენის დახმარებით მოამზადა. მედია ომბუდსმენი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურს“ კანონით დადგენილი რეგულირების მიხედვით დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორების მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.