ვისთვის მუშაობას „პატრიოტთა ალიანსი“?! _ ფრაქციის რეზოლუცია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიურომ 2 ივლისს განიხილა, თუმცა, საკითხის დღის წესრიგში დაყენება ოქტომბრის თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ გააქტიურდა.
თუ რატომ? ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
_ რა მიზანს ისახავს საარჩევნო პერიოდში თემის გააქტიურება? აღნიშნული უკავშირდება თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პიარკამპანიის ნაწილს და ოპოზიციური კანდიდატის დისკრედიტაციას?_ აღნიშნულზე პასუხების მოსმენა ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისგან გვსურდა, თუმცა გაერთიანების არც ერთმა დეპუტატმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
საარჩევნო პერიოდში ამ თემის გააქტიურება კითხვის ნიშნებს აჩენს ოპოზიციურ პარტიაში.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პატრიოტები ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ცდილობენ, რასაც, მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ გააქტიურებული რეზოლუციის შინაარსი ადასტურებს.
_ ეს არის წინასაარჩევნოდ შავი პიარის აგორების კამპანია. ეს იდეა არის ,,ქართული ოცნების“ და როგორც წესი, ასეთ იდეებს ახმოვანებინებენ თავიანთ სატელიტ პარტიებს.
,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებისთვის ეხმარებიან.
თავად არ დაასახელეს კანდიდატურა, მიტომ ეს არის დიდი ხრიკი დაგეგმილი ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შავი პიარის ნაწილი“,_ გვითხრა გოცირიძემ.
საჯარო განცხადებების დროს ,,პატრიოტთა ალიანსი“, ძირითადად, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე აპელირებს, ხოლო ,,ქართულ ოცნებას“, რომელთა მიმართაც გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები უჩნდება, არ აკრიტიკებს.