“როცა გავიზრდები გამოვალ არტისტი, _ ასე ვამბობდი. ოღონდ, არ ვიცოდი, კონკრეტულად ვინ ვიქნებოდი მომღერალი თუ მსახიობი, თუმცა, ზუსტად ვიცოდი ეს იქნებოდა სცენასთან დაკავშირებული”.
ლიზა კიკაჩეიშვილი 25 წლისაა, ცხოვრობს მუხათწყაროში საყვარელ ადამიანთან გაგასთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ახალგაზრდა წყვილს აქვს საკუთარი იუთუბარხი, სადაც მაყურებელს უზიარებენ კულინარიულ გამოცდილებებს, თუ როგორ შეიძლება მოამზადონ ხელმისაწვდომ ფასად ჯანსაღი საკვები. ლიზა 5 წელია აქტიურად მღერის, რამაც ტელეშოუ „ვოისში“ მიიყვანა.
_ რა არის ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ?
_ ვერასოდეს ვერ გავაკეთებ იმას, რასაც ვერ და არ ვისურვებ, რაც თავში არ მომივა. რასაც ვისურვებ, გავატარებ ჩემს გონებაში და სამყაროს გავუგზავნი, მე მჯერა, ის მომისმენს და _
_ ხუთი წლის წინ გავიცანი ჩემი საყვარელი ადამიანი და მივედი ბენდში. ეს ის პერიოდია, როდესაც მუსიკალურად გავნვითარდი და ხალხმა გამიცნო ჩემი შემოქმედებით.
_ გაგვაცანით თქვენი საყვარელი ადამიანი…
_ მე და გაგას გვაერთიანებს მუსიკა, მეგობრობა და შემდეგ ყველაფერი სხვა, რის გამოც გვეთანაცხოვრება. გაგა არის მუსიკოსი. ის ჩემთან არ არის, ასე არ შემიძლია, რომ ვთქვა. უფრო მგონია, მე ვარ ხოლმე მასთან და ამავდროულად, ერთად ვართ. ორივესთვის ცხოვრების უმთავრესი ნაწილია ხელოვნება და მუსიკა, ეს ძალიან დიდი კავშირია. გვგონია ჩვენ ერთმანეთის გასაღები ვართ და გაგვიმართლა ამ შემთხვევაში.
_ არსებობს იუთუბგვერდი, რომელიც თქვენ და გაგამ შექმენით. რა შეგიძლიათ ამ გვერდის შესახებ მოგვიყვეთ?
_ გაგა გურმანია და ყოველთვის ცდილობს, რაღაც ახალი დააგემოვნოს. თანაცხოვრებამ გამომიმუშავა ის, რომ რაღაცების კეთება და ექპერიმენტები დავიწყე. პანდემიის პერიოდში, რადგან სცენას მოვწყდით, გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი გაგვეკეთებია. რადგან სახლში დარჩენილების ძირითადი საზრუნავი იყო საჭმლის გაკეთება და მერე დაგემოვნება, მოვიფიქრეთ ლამაზი ფორმით ხალხისთვის შეგვეთავაზებინა ხელმისაწვდომი და ჯანსაღი კვების რეცეპტები. გავაკეთეთ იუთუბ არხი „FamilyBuffet“ და ვტვირთავთ ხოლმე კერძების მომზადების პროცესს. ასევე, გვყავს ხოლმე მოწვეული სტუმრები, ჩვენი მეგობარი მუსიკოსები და ერთად ვამზადებთ.
_ და ტელე-შოუ ვოისი… როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიგეღოთ შოუში?
_ პანდემიის გამო ძალიან მომენატრა მსმენელი. ყოველთვის მაინტერესებდა ეს შოუ და დაემთხვა ამ პანდემიასაც. ასე გადავწყვიტე _ ამდენი მიზეზი მაქვს, წავალ და ვიმღერებ, ვნახოთ რა იქნება-მეთქი. რაღაც განსაკუთრებული აზარტი აქვს ვოისში მონაწილებას. დაწყებიდან, მწვრთნელის მოტრიალებიდან რინგით დასრულებული, შემდეგ ლაივი ჩვეულ რეჟიმში გადადის და მწვრთნელთან ერთად მაყურებელი ირჩევ, ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე. პირველი და მეორე ეტაპი იმდენად აზარტულია, შემდეგ უკვე მეტად იღებ სიამოვნებას.
_ პირველ ტურში რა ემოციები და მოლოდინები გქონდათ?
_ პირველ დღეს ვიმღერე სიმღერა, რომელიც მე თვითონ შევარჩიე და პროდიუსერიც თანახმა იყო, რომ ეს სიმღერა მემღერა. ბითლზების “OH!Darling”. იმდენად დიდი დატვირთა ჰქონდა ჩემთვის ამ სიმღერას, იმდენად ორგანულად ვგრძნობდი ამ სიმღერას, რომ მოლოდინი მქონდა მწვრთნელის მოტრიალების. ემოციურად ცოტას ვღელავდი სცენაზე გასვლის წინ, თუმცა, სცენაზე გასვლის შემდეგ ყველაფერმა გაიარა.
_ გქონდათ იმის მოლოდინი, რომ სტეფანე მოგიტრიალდებოდათ?
_ მქონდა სტეფანეს მოტრიალების მოლოდინი, რადგან ჟანრობრივად ვიცი და ვიცნობ მის მუსიკალურ გემოვნებას. ვიცოდი მის ყურს ცოტა დავაინტერესებდი ჩემი ტემბრით და სიმღერის მანერით.
_ როგორი ემოცია იყო რინგზე სიმღერა?
_ ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი მაქვს. რაც სცენაზე ჩანს, ყოველთვის ბუნებრივია. რინგზე ვეცადე ბრძოლასთან ერთად პრიორიტეტი ყოფილიყო სიმსუბუქე და ის, რომ, უბრალოდ, ბედნიერი ხარ კონკრეტული სიმღერის შესრულებით.
_ რა მოხდება შაბათს?
შაბათს, 10 საათზე იქნება ჩემთვის პირველი ლაივ კონცერტი. მეძლევა შანსი, რომ გადავიდე ნახევარფინალში და კიდევ ერთხელ ვუმღერო ჩვენს მსმენელს. მოლოდინები მაქვს ისევ უცვლელი, რომ მე დიდხანს დავრჩები პროექტში.
_ სად იქნებით ხუთი წლის შემდეგ?
_ სად ვიქნები არ ვიცი, ზუსტად მხოლოდ ეს ვიცი _ მუსიკა ეს ისაა, რის გარეშეც ვერსად ყოფნას ვერ წარმოვიდგენ.