მოსალოდნელია, რომ იანვრის მეორე ნახევარში მეტნაკლებად მოხდეს ზრდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, რაც კლინიკური სექტორისთვისაც კარგია.
„დეკემბრის თვესთან შედარებით, ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია სიტუაცია, რაც გამოვლინდება იმაში, რომ დეკემბრთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა დღის განმავლობაში არ არის 4-5 ათასი და შემცირებულია. ეს როგორც ეპიდსიტუაციისთვის არის კარგი, ასევე კლინიკური სექტორისთვის, რადგან ნაკლებად გადავსებულია ჰოსპიტლები. მეორე ის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რეკომენდაციები იქნას დაცული, რადგან ეს შედეგი მიღწეულია იმ რეგულაციებით და არსებული რეკომენდაციებით. ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააგრძელოს რეკომენდაციების დაცვა, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია. დღესასწაულებზე გარკვეული დარღვევები სავარაუდოდ იქნებოდა და იყო კიდეც, თუმცა ეს დარღვევები მაინც არ იყო იმ მასშტაბის, რომ ამან გამოიწვიოს ვითარების კატასტროფულად გაუარესება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ იანვრის მეორე ნახევარში მეტნაკლებად მოხდეს ზრდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
იანვრის ბოლომდე თუ მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, ეტაპობრივად მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, – განაცხადა გოგინავამ.
„ზოგადად, შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთ დროს, როდესაც ახალი შემთხვევების ზრდის მაღალი რისკია, ამიტომ ზამთრის პერიოდში და იანვრის პერიოდში მაინც უმჯობესია, ისევ იყოს შეზღუდვები, რათა შემდეგ გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება. შეზღუდვების გახანგრძლივდება, სანამ საბოლოოდ არ დავინახავთ რამდენად სტაბილურია ეპიდსიტუაცია, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის გამართლებულია. თუ ჩვენ იანვრის ბოლომდე სტაბილურად მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, რომ ეტაპობრივად მოხდეს შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.