დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან და რაიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომპანია სი-სი-იეიჩ-ის მენეჯმენტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰესის პროექტის განხილვა იყო. შეხვედრას, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ პროექტის დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა და ისაუბრა, თუ რა სახის სამუშაოებს გეგმავს კომპანია, მანამ, სანამ მშენებლობას შეუდგება:
_ ვმუშაობთ შვედ და ავსტრიელ კვალიფიციურ სპეციალისტებთან, რადგან ჩვენი მიზანია, გარემოს და სოციალური საკითხების მართვის შესაბამისი ნორმების დაცვით განვახორციელოთ პროექტი; მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა საკითხი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან. მითუმეტეს, რომ კურორტ ბახმაროსთან ახლოს არის ეს პროექტი (და არა ბახმაროში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია). ამ პროექტზე ზრუნავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, პროცესში ვრთავთ უცხოელ ეკოლოგებს, _თქვა მიხეილ ნიბლაძემ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით, კერძოდ, რა შედეგი დადგება, როცა მდინარე რამდენიმე კილომეტრს მილში გაივლის; მოახდენს თუ არა წყლის შეგუბება გავლენას ბახმაროს ეკოსისტემაზე და ასე შემდეგ.
_ ჩვენ ვმუშაობთ, რომ თითოეული დეტალი თქვენთან ერთად გავიაროთ. ახლა სკოპინგის პროცესში ვართ და გვინდა შევხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მზად ვართ, ერთობლივად და სანიმუშოდ განვახორციელოთ ეს პროექტი, _ თქვა პროექტის ხელმძღვანელმა გიგლა სიხარულიძემ.
ხანგრძლივი კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენელმა ირმა გორდელაძემ დადებითი ფაქტორის შესახებაც აღნიშნა _ წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესობა იგრძნობა და გათვალისწინებულია შენიშვნებიც. მისი თქმით, მკაცრი კონტროლი და საკითხების დეტალურად განხილვის მოთხოვნა არ ნიშნავს “ბნელეთის მოციქულობას“.
საბოლოოდ, მხარეებმა სამომავლოდ შეხვედრების მზაობა გამოხატეს.