დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემია ჯერჯერობით არ შეჩერდება. პიკი, დიდი ალბათობით, იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის უნდა იყოს მზადყოფნა, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ უშუალოდ მოქალაქეების.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დიახ, შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პიკში დიდი ალბათობით ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ ასევე მზადყოფნა თვითონ მოსახლეობის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს. მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა – პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.