ჩოხატაურში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა აღინიშნება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების მატება ხიდისთავში აღინიშნება.
ინფიცირების შემთხვევების ზრდას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, პანდემიის მიმართ მოსახლეობის არასერიოზულ მიდგომას უკავშირებს.
„მოქალაქეები ამ საკითხს არ უყურებენ სერიოზულად. არ იცავენ რეგულაციებს, იზოლაციის წესებს. პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია ჩვენს ქვეყანაში ამჟამად და ამის ბრალია ყველაფერი“,_ ამბობს ჯიბუტი.
ჩოხატაურის საზოგადოებრიოვი ჯანდაცვის ცენტრის მომაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 1663 დადებითი შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 1469 ადამიანი, გარდაცვლილია 19.
ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია კოვიდინფიცირების 150 შემთხვევა, საიდანაც ადგილობრივ კლინიკაში 15 პაციენტი მკურნალობს.
„პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. სხვა რაიონების კლინიკებშიც არიან გადაყვანილები, მაგრამ რაოდენობას ვაზუსტებ“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
რაც შეეხება რეკომენდანციებს, თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი კორონავირუსისგან, ჯიბუტი ამბობს:
„პირველ რიგში, აუცილებელია, რეგულაციების დაცვა. პანდემიის მიმართ სერიოზულად მიდგომა. მასიური თავშეყრის ადგილების, ქორწილების, ქელეხების აკრძალვა. დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. ეს არის მთავარი შესასრულებელი, რასაც მოქალაქეები არ ასრულებენ“.
[sexy_author_bio]