მაძიებელ პედაგოგებს შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცემათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისთვის მიწერილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა. საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ შემოდგომაზე გამოცდა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის ჩატარდება.
მაძიებელმა მასწავლებლებმა ცოტა ხნის წინ პეტიცია შეადგინეს მოთხოვნით, მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ჩატარდება, დაშვებულიყვნენ. მაძიებლებმა მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული თხოვნით, რაზეც „ნაეკმა“ პასუხი ოფიციალური წერილით დაუბრუნა.
როგორც ნაეკი მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, ამ ეტაპზე, მათი საშემოდგომო გამოცდაზე დაშვება არ იგეგმება.
_ ამ ეტაპზე, როგორც თქვენთვის ცნობილია, დასრულებულია 2020 წლის და აპელაციის შემდგომი საბოლოო შედეგები ასახულია აპლიკანტთა გვერდზე, _ წერია წერილში.