ვერძი
მას ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტად უხარია შვილის “გაბედნიერება”. მართალია, ძალიან უყვარს, ძალიან ზრუნავს მათზე, მაგრამ ვერძი, მთლად დიასახლისობისთვის რომ მიეძღვნა თავი, მოწოდებით დედა ნამდვილად არ არის. მას თავისი ცხოვრებაც აქვს და როცა თავის საზრუნავს “პატრონს ჩააბარებს”, სიამოვნებით მოძებნის რამე სხვა საქმეს. იგი პატივს სცემს თავისი შვილის არჩევანს და თუ თქვენ თვითონ არ მოახვიეთ თქვენი პრობლემები თავს, თქვენს ურთიერთობაში არასოდეს ჩაერევა. ვერძს მიაჩნია, რომ მისი გაკეთებული ყველაფერი ძალიან მაგარია და მისი “გაკეთებულია” თქვენი საყვარელი მეუღლეც. ასე რომ, გულის მოსაოხებლად ვინმე სხვა მოძებნეთ.
ვერძთან ურთიერთობა არც ისე რთულია, თუკი მის პირდაპირობას და საუბრის ცოტა აგრესიულ ტონს ყურადღებას არ მიაქცევთ და როცა თავის აზრს გამოთქვამს, პირში არ მიახტებით და არ შეეწინააღმდეგებით, შესანიშნავი დედამთილი გეყოლებათ, რომელიც არც დედის დაძახებას მოგთხოვთ და არც მასთან ცხოვრებას. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, მან თქვენზე უკეთ იცის ყველაფერი და საწინააღმდეგოს მტკიცებას ნუ ეცდებით. მოკლედ, რაღაც რაღაცეები უნდა გაატაროთ, არ გაატარებთ და გულში ნამდვილად არ ჩაიდებს წყენას, დიდი დიდი მფრინავი თეფშების ნამსხვრევების აკრეფა მოგიწიოთ.
კურო
თქვენი ოჯახური რეცეპტები თქვენთვის შეინახეთ, მას საკუთარი ტრადიციები აქვს და ისედაც დიდი სიახლე ხართ მის ოჯახში, რომელთან შეგუებისთვისაც დრო სჭირდება, ამიტომ პირველივე დღეს, როგორც საკუთარ სახლში, ისე ნუ იგრძნობთ მასთან თავს. აკონტროლეთ თქვენი მანერები, ქცევები, ზე-ინტელექტუალურ საკითხებზე საუბარსაც არ გირჩევთ, უმჯობესია თუ რამე პრაგმატულ, მიწიერ საკითხებზე გაესაუბრებით, ან უკიდურეს შემთხვევაში ხელოვნებაზე, შეგიძლიათ საჩუქრადაც რომელიმე მხატვრის ტილო წაუღოთ (გიჟდებიან ასეთ რამეებზე), თორემ იფიქრებს, რომ “თავი ღრუბლებში გაქვთ”, მას კი პრაქტიკული ქალი სურდა თავისი შვილისთვის. იგი საშინლად მესაკუთრეა, თუმცა კარგი ის არის, რომ თუკი თქვენც თავისად ჩაგთვალათ (ცოტა დრო დასჭირდება ამისთვის), ყველანაირად შეეცდება გვერდში დაგიდგეთ და ცხოვრება გაგიმარტივოთ. ოჯახში ყოველთვის გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ანგარიშზე თანხაც შეგევსებათ ფინანსური კრიზისის დროს, გეგონებათ გრძნობსო.
თუკი ერთად ცხოვრება მოგიწიათ, სახლის გადაგეგმარებას არ გირჩევთ, თორემ ამას არ გაპატიებთ. არ გაპატიებთ არც თავქარიანობას და იმას, რომ სახლის გაყიდვა და ცალ-ცალკე გადასვლა თუ ურჩიეთ (არც ისე ბუნჩულაა, როგორც ერთი შეხედვით სჩანს). ნურც იმის ილუზია გექნებათ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაში არ ჩაერევა, ჩაერევა კი არა, სახლიდან თუ წახვედით და თუ შეატყო ამის გამო მისი შვილი დარდობს, მიწიდან ამოგთხრით, გიპოვით და დაგპირდებათ – ოღონდ შენ სახლში დაბრუნდი და თუ რამეს ჩემი შვილი მოგაკლებს, მე გავაკეთებ მის ნაცვლადო. მოკლედ, იგი თქვენი მეუღლის სრულფასოვან ნაწილად უნდა მიიღოთ, სხვა გზა არ გაქვთ და არც დიდი ტრაგედია არ არის ეს. თუკი კურო ზრუნავს თქვენზე, უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ.
ტყუპები
მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ გექნებათ შეგძრნება, რომ დოკუმენტური ფილმი ნახეთ თქვენი მეორე ნახევრის შესახებ. თუკი კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და ჭორაობაც გიყვართ, გილოცავთ, ძალიან გაგიმართლათ, სერიოზული ინფორმატორი შეიძინეთ. მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, შეგიძლიათ გულიც გადაუხსნათ, რაც უფრო საინტერესო ამბებს მოუყვებით, მით უკეთესი თქვენთვის… ყბის ჩამოვარდნას კი ნუ დაელოდებით, მას ისეთი ისტორიები ექნება, აუცილებლად “გადაგიჯოკრავთ“, თუ არ ექნება და… მოიგონებს. თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილ შეყვარებულებზეც შეგიძლიათ ელაპარაკოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ რაც არ უნდა “მოაღოს პირი”, მის შვილთან ამის შესახებ არაფერი დასცდება, ძალიანაც რომ გააბრაზოთ… ნუ, თუ შემთხვევით არ წამოსცდა.
ყველა ტყუპს ერთი შესანიშნავი თვისება აქვს, არასოდეს ბერდება, იმიტომ რომ არ უნდა დაბერება. ამიტომ ვერც დედამთილის როლში ხედავს თავს და არც აქვს სურვილი თქვენთან უფროსის და თქვენზე მეტის მცოდნის როლში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რჩევების მოცემა უყვარს. მოკლედ, მისი სახით მენტორს კი არა, დაქალს შეიძენთ, თუკი კეთილგანწყობის მოპოვებას მოახერხებთ. დაქალს, რომელსაც ენდომება, რომ ყველაფერი იცოდეს, ყველაფრის საქმის კურსში იყოს და ჩაერევა კიდეც თქვენს ურთიერთობაში, ოღონდაც მხოლოდ იმ დონემდე, რა დონეზეც თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო საუკეთესო მეგობარი ჩაერეოდა. ისე, რომ არცერთი დაზარალდეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბ დედიკოს სულ ჰგონია მასზე უკეთესად მის შვილს ვერავინ მიხედავს. ისეთ გადამკვდარი დედა იყო, კარაქიანი პურით რომ დასდევენ უკვე წვერულვაშამოსულ ბიჭებს და ახლა, თქვენი უდარდელობის შემხედვარე, გული უკვდება. როგორი შესანიშნავი რძალიც არ უნდა იყოთ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან მას მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა. ერთადერთი, რითიც შემიძლია დაგამშვიდოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან ეყვარებით და სულ თქვენ გვერდში დადგება, სულ თქვენ მხარეს იქნება და ყველანაირად ეცდება საკუთარ შვილს ოჯახი შეუნარჩუნოს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ მის ბიჭუნას ძალიან უყვარხართ და თქვენ გარეშე უბედური იქნება. მას ეშინია შვილის “დაკარგვის” და ეცდება, რაც შეიძლება, მჭიდრო ალიანსი შექმნას თქვენთან, რაც შეიძლება დაგიახლოვდეთ, რომ თქვენი ბანაკის წევრად მოიაზროთ, რადგან ასე მის სიხარულთან უფრო ხშირი კონტაქტის საშუალება ექნება.
ხანდახან უტაქტო და მომაბეზრებელიც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ უნაკლო არავინაა, სამაგიეროდ ოქროს გული და ხელები აქვს. ამიტომ მისი გულის მოგება თუ გინდათ, ხშირად დაპატიჟეთ თქვენთან სახლში, რჩევები ჰკითხეთ, სადილი შეუქეთ და მისი შვილის საყვარელი კერძების რეცეპტები გამოართვით. მოკლედ, დაანახეთ, რომ კეთილგანწყობილი ხართ, ზრუნავთ მის შვილიკოზე და კიდევ, არასოდეს გააკრიტიკოთ, არასოდეს! p.s. მისი შვილის კრიტიკა, მისი კრიტიკაა.
ლომი
ცოტა ამბიციურია, შეიძლება უმადურიც მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ისე მიიღებს თქვენს სიყვარულს და პატივისცემას, თითქოს იმსახურებდეს. თავისი შვილიც ნამდვილი განძი ჰგონია, მის შვილს რომ შეუყვარდით, ჭკუაზე არ უნდა იყოთ სიხარულისგან. გარდა ამისა, თავის ქებაც უყვარს. ისეთ ისტორიებს მოგიყვებათ მის დიდებულ წარსულზე, ურიცხვ თაყვანისმცემლებზე, ნიჭზე, თავს არარაობად იგრძნობთ, მაგრამ თუ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაწუხებთ და თავდაჯერება არ გაკლიათ, მიხვდებით, რომ ძალიან გაგიმართლათ, ასეთი დედამთილი რომ შეგხვდათ.
მოკლედ, ლომი ნამდვილი დედოფალია და თქვენც პრინცესობა მოგიწევთ, “პრინცესა ცერცვის მარცვალზე” გახსოვთ?… თავი დაიჭირეთ და ეცადეთ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ეს ძალიან ადვილია. მისი სუსტი წერტილი შექებაა – კომპლიმენტები არ დაიშუროთ, განსაკუთრებით როცა ხალხში ხართ, მოყევით, თუკი რამე კარგი გახსოვთ მისგან და ის აუცილებლად შეეცდება მეტი მოსაყოლი მოგცეთ. თუ ამას მოახერხებთ, თავზე გადაგყვებათ. წაგახალისებთ, აუცილებლად მოიწონებს თავს თქვენით და ცხოვრებაშიც, იმაზე მეტი რომ გახდეთ, ვიდრე ხართ, აუცილებლად დაგეხმარებათ. ბავშვობაში რაღაცეებს ჯღაბნიდით? თქვენი პოეზიის საღამოს მოაწყობს. ხატავთ? გამოფენას. დიზაინერობაზე ოცნებობდით? თქვენთან ერთად გახსნის სამკერვალო სტუდიას და გაქცევთ იმად, რაზეც ოცნებობდით.
ქალწული
სიტყვა დედამთილი არავის ისე არ უხდება, როგორც ქალწულს. მას არ გამოეპარება არც თქვენი გაუკეთებელი ფრჩხილები, არც ოდნავ მიმწვარი ტაფა, არც მისი შვილის ცუდად გაუთოვებული პერანგი და არცერთი დავარდნილი თმა სააბაზანოში. ილოცეთ, რომ მასთან ერთად ცხოვრება არ მოგიწიოთ, თორემ ყველაფერს რომ დაალაგებს, მერე თქვენს ოთახშიც შემოიჭრება და თქვენს საცვლებსაც დარეცხავს, თანაც ეგონება, რომ კარგს გიკეთებთ. ეს ის ქალია, თქვენი დალაგებულის, ხელახლა დალაგება რომ შეუძლია და დახმარებას და თქვენ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას შორის, განსხვავებას რომ ვერ ხედავს.
გარდა ამისა, შესანიშნავად ეხერხება კრიტიკა და ვერ იტანს, როცა აკრიტიკებენ. ძალიან პრაქტიკულია და თანაც პერფექციონისტი. მას უნდა ყველაფერი წესრიგში იყოს და არაფრით გაპატიებთ ისეთ მავნე ჩვევას, როგორიცაა ყავის ჭიქაში მთელი დღით გაჩერება. საკმარისია ოთახიდან გახვიდეთ, მაშინვე გადაღვრის, გარეცხავს და გამშრალებულს კარადაში შედგამს. სამაგიეროდ, თუკი ამაზე არ გაბრაზდებით, ახლის მოდუღებაზე არ დაგზარდებათ. ყველანაირად დაგიდგებათ გვერდით საოჯახო საქმეებში, დაგეხმარებათ ბავშვების გაზრდაში და თუ კოლგოტზე წასული თვალი შეგნიშნათ, მანიკურით დამაგრებული, იმ საღამოსვე კოლგოტების მთელი ასორტიმენტით გამოგეცხადებათ საჩუქრად. ხომ ხედავთ, იმას, რომ ნაკლოვანებებს ხედავს, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონია და მადლობის მეტი არაფერი გეთქმით.
სასწორი
მოსწონხართ თუ არ მოსწონხართ, ამას ვერ გაარკვევთ, რადგან, ჯერ ერთი, თავადაც არ გადაუწყვეტია და მეორეც, რომც არ მოსწონდეთ, ამას ვერ შეატყობთ დიდად. იგი ყოველთვის პატივს სცემს საკუთარი შვილის არჩევანს და დიდად არ ჩაერევა თქვენს ურთიერთობაში, ერთდროულად ახლოსაც იქნება თქვენთან და დისტანციის შენარჩუნებასაც მოახერხებს, თუმცა თუ რჩევას ჰკითხავთ, ძალიან დააფასებს ამას და არავითარ შემთხვევაში არ დაინანებს. მას მსჯელობა და ლაპარაკი ძალიან უყვარს. რჩევების გაცემაც და რაც მთავარია, არ ბრაზობს, თუ არ დაუჯერეთ.
მოკლედ, თუ ტიპური სასწორი შეგხვდათ, ძალიან გაგიმართლათ, რადგან თავად იქნება ისე მოწადინებული, თქვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ისე კარგად ერკვევა ქცევის კოდექსში და დიპლომატიაში, ყველაფერი ძალიან მარტივად აგეწყობათ. კეთილგანწყობის მოპოვებაც არ არის რთული, რადგან ძალიან ობიექტური და სამართლიანია. მაინცდამაინც მისი შვილის მხარეს არ იქნება. მიხვდება, სად თქვენ შეგეშალათ და სად მის ძვირფას ვაჟიშვილს. თუ გინდათ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ, კარგი ცოლი უნდა იყოთ. რას ნიშნავს კარგი ცოლი? შეხედეთ მას და ისწავლეთ. თუმცა თუ ვერ მოახერხებთ, მაგასაც გაგიგებთ. მთავარია, უზრდელი არ იყოთ და საზოგადოებაში თქვენი გამოჩენის არ შერცხვეს.
მორიელი
ეს ის დედამთილია, თუ მოინდომა სხვა კონტინენტიდანაც რომ აგირევთ ქმართან ურთიერთობას. იგი თქვენ ერთი შეხედვით გაგიცნობთ საკუთარი ხუთი თითივით და წარმოიდგინეთ ახლა, რა კარგად აქვს შესწავლილი საკუთარი შვილის ტვინის ფსიქოლოგიური რუკა. მორიელი დედის შვილები ძალიან დიდხანს არიან საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, მათ ისე უყვართ დედა, თითქოს დაჰიპნოზებული ჰყვანანო და თქვენ კატეგორიულად არ გირჩევთ მასთან დაპირისპირებას და ეჭვიანობას. მეორე ადგილს უნდა შეეგუოთ, ყოველ შემთხვევაში, მის დასანახად მაინც. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დედამთილია დედამთილებს შორის, თუ მისი გულის მონადირება ვერ შეძელით. კუროზე უფრო მეტად მესაკუთრე, თუ მის შვილს გული ატკინეთ, საკუთარ მოვალეობად ჩათვლის ცხოვრება კოშმარად გიქციოთ და თანაც ისე, რომ მასზე ეჭვი ვერც მიიტანოთ. იგი გიჟდება საკუთარ შვილზე და იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი ჰგონია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მისი შვილი საუკეთესოა და წუწუნს არ გირჩევთ.
მშვილდოსანი
მისი და თქვენი ურთიერთობა მისი და თქვენი ურთიერთობაა და სულერთია მისი რძალი ხართ თუ არა. მის შვილს რომ უყვარხართ, ეს მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, თქვენ თქვენი ქმრის რჩეული ხართ, მისი კი არა. ასე რომ, თქვენი ურთიერთობა რძალ-დედამთილიანისგან სრულიად დამოუკიდებელი ურთიერთობაა. იგი ისე მოგექცევათ, როგორც დანარჩენ სამყაროს ექცევა, იმის მიხედვით, თუ როგორ არის თქვენ მიმართ განწყობილი. თუკი მოეწონეთ, ძალიან მეგობრული და უშუალო იქნება. არასოდეს დააკვირდება ლუპით, დევს თუ არა ავეჯზე მტვერი, აცვია თუ არ გახამებული პერანგი მის საყვარელ შვილიკოს და რა აჭამეთ ბავშვებს, მოხარშული სოსისი თუ გუფთა. ასეთი რამეები მას არ ადარდებს – სრული დომხალიც რომ დაახვედროთ სტუმრად მოსულს, ვერც შეამჩნევს (თუ ძალიან არ გაგიმართლათ და მაინცდამაინც ქალწულის გავლენა არ აქვს).
თხის რქა
სანამ მისი ვაჟიშვილი ცოლად მოგიყვანდათ, თხის რქა თქვენს კი არა, თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პროფილებსაც გადაქექავს – იმის გასაგებად, რას წარმოდგენთ და თუ ჩარევა გახდა საჭირო, აუცილებლად ჩაერევა თავისი შვილის არჩევანში. ასე რომ, თუკი გაიგეთ, რომ თქვენი სადედამთილო თხის რქაა, არასერიოზული და თამამი ფოტოები, სადაც მთვრალი, საცურაო კოსტუმში ბარზე ცეკვავთ, დაუყოვნებლივ გააქრეთ სოციალური ქსელიდან, ამას კოლექტივში, კორპორატიულ საღამოზე ან სამსახურის მაგიდასთან გადაღებული ფოტოები გერჩივნოთ. კარგი იქნება, თუ ერთი-ორი ისეთი ფოტოც გექნებათ, სადაც ცნობილები “გთაგავენ”. ისე კი, რაც უფრო ნაკლები ფოტო გექნებათ კედელზე, მით უკეთესი. ყველა თქვენი ნაბიჯის აფიშირება სულაც არაა საჭირო – ასე ფიქრობენ თხის რქები.
თუკი ტესტი წარმატებით გაიარეთ და “მის კალოშში ფეხის ჩადგმა გეღირსათ”, ძალიან კარგად მიგიღებთ. მის მიმართ დანახვისთანავე გაგიჩნდებათ მოკრძალებისა და პატივისცემის გრძნობა, შეიძლება ძალიან უშუალო და უბრალო იყოს ურთიერთობაში, ძალიან დაგიმეგობრდეთ, მაგრამ დადაქალებას, გულის გადაშლას და წარსული ცოდვების მასთან მოყოლას ნამდვილად არ გირჩევთ, მას ეს სტრატეგია თქვენგან ინფორმაციის “დასაციცნცლად” სჭირდება, უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს თქვენზე და ნუ გაბრიყვდებით და ნუ მოაღებთ პირს. შეინარჩუნეთ გარკვეული დისტანცია, იგი ფამილარობას ვერ იტანს, იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, თავი ღირსეულად დაიჭირეთ და ნამდვილად არ შეგაწუხებთ. მან ყველაზე კარგად იცის, რომ თქვენ თქვენი პირადი ცხოვრება გაქვთ და მას თავისი და ორივეს მშვენივრად აკონტროლებს… საფლავიდანაც კი!
მერწყული
იცით, რომელი პლანეტაა მერწყულის მმართველი პლანეტა? ურანი! ჰოდა აი, მანდ ატარებს მერწყული დედამთილი თავისი დროის უმეტეს ნაწილს, თქვენი ცხოვრება კი უცხოპლანეტელების ცხოვრებაზე ცოტა მეტად შეიძლება აინტერესებდეს, ნაკლებად თუ არა. თუ ძალიან ძალიან ღრმა სოფლიდან არ არის, თქვენი ქალიშვილობა-არაქალიშვილობის შესახებ კითხვა თავში არც გაუჩნდება, ვერც მწვანედ შეღებილი თავით გააკვირვებთ, მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გიდევთ ამ თავში. რა აღიზიანებს მას? ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ხასიათზე ბრუნდება ხოლმე ურანიდან.
თევზები
ეს დედამთილის ის ტიპაჟია, რძლები ვისზეც ეჭვიანობენ, ჩემი ქმარი დედამისს მეტ ყურადღებას აქცევსო, მაგრამ ხმასაც ვერ იღებენ, რადგან თავადაც ფიქრობენ, რომ ასეთ დროს მისი მიტოვება უნამუსობა იქნება. ხან რა პრობლემა აქვს, ხან რა. ხან ავადაა, ხან მუშები მის მოტყუებას ლამობენ, ხან რა და ხან რა. მოკლედ, მზრუნველობა სჭირდება, რადგან ნეპტუნიდან ახალი ჩამოსულია და დედამიწაზე ცხოვრების წესებს ჯერ ვერ შეეჩვია. ხანდახან შეიძლება იფიქროთ, რომ ის კი არ არის თქვენი დედამთილი, თქვენ ხართ მისი დედამთილი.
სამაგიეროდ, სხვა რამეებში ერკვევა შესანიშნავად. იგი ძალიან კარგი ფსიქოლოგია. ყოველთვის ზუსტად იცის თქვენ და თქვენი მეუღლე ბოლო სერიაში ერთად რჩებით თუ არა, მაგრამ ამას არასოდეს იმჩნევს. იცის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. იცის მისი გულისკენ მიმავალი გზა და თუ თქვენც ჭკვიანად მოიქცევით, თქვენც გასწავლით, თუკი პრობლემები გექნებათ, ემოციურ დონეზე სულ გვერდში დაგიდგებათ და გაგამხნევებთ, დაგამშვიდებთ, თუნდაც იცოდეს, რომ ეს აღსასრულია და თუნდაც მის შვილს დაშორდეთ, ქალურ სოლიდარობას აუცილებლად გამოგიცხადებთ.
მისი კეთილგანწყობის მოპოვება არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ქუჩაში ნაპოვნი კნუტიც კი უყვარს, თუმცა ისე ძალიან ადვილად სწყინს ყველაფერი (თუნდაც არ იმჩნევდეს), ისე უცებ ეფლითება ხოლმე გული, ისეთ რამეებზე იბუტება (თუმცა როგორც კი გამოსწორებას ეცდებით, მაშინვე გპატიობთ), ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ არასოდეს ეუხეშოთ, მოუფრთხილდით, მოეფერეთ, საჩუქრები აჩუქეთ და სულ თქვენზე სიყვარულით გულაჩუყებული ივლის.
წყარო: epilogi.ge