წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
თვითმხილველთა თქმით, კაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები.
„მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.
მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.
სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.