იტალიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ქალაქ ნეაპოლში დაწყებული ზეიმი კვლავ გრძელდება, რასაკვირველია ამაღლებული განწყობაა თავად გუნდშიც, მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია. ნეაპოლური დღესასწაული მალე დასრულდება და კარს იტალიის ახალი პირველობა დაგვადგება. რა განწყობით შეხვდება მომავალ სეზონს „ნაპოლი“ და როგორი იქნება მისი სავარაუდო შემადგენლობა.
ბოლო დღეების იტალიურ მასმედიას თუ თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ რომ ამჟამინდელი „ნაპოლი“ მომავალი სეზონიდან აღარ იარსებებს და კლუბი ძირფესვიანად შეიცვლება. ეს წასვლა-წამოსვლის ამბები ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას არ ეხება და წესითა და რიგით, ნეაპოლურ გუნდში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში იასპარეზებს. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებსა და თავად ლუჩანო სპალეტის…
„ნაპოლიში“ კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუჩანო სპალეტის მომავალი. ნეაპოლელებმა უკვე გამოიყენეს მასთან ავტომატურად ცალმხრივად კონტრაქტის 2024 წლამდე განახლების პუნქტი, მაგრამ სპალეტის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ლუჩანომ პირდაპირ განაცხადა, რომ მომავალზე სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისთან ისაუბრებს. ის კლუბის პრეზიდენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ შემადგენლობა მომდევნო სეზონშიც კონკურენტუნარიანი ეყოლება. ცნობილია, რომ იტალიელ სპეციალისტს პრემიერლიგის სამი კლუბი იწვევს, მათ შორის ყველაზე მეტად „ტოტენჰემი“ აქტიურობს.
გამოცემა „Corriere dello sport“-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს „ნაპოლის“ მომდევნო შესაძლო მწვრთნელად სამი კანდიდატურა უკვე ჰყავს შერჩეული.
ესენი „ბრაიტონის“ დამრიგებელი რობერტო დე ძერბი, ამჟამად უმუშევარი ანტონიო კონტე და „ფიორენტინას“ მენეჯერი ვინჩენცო იტალიანო არიან. გუშინ გაჟღერდა „მონცას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, 39 წლის რაფაელე პალადინოს სახელიც.
„ნაპოლის“, დიდი ალბათობით, პიეტრო აკარდის სახით ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება. კრისტიანო ჯუნტოლის „იუვენტუსში“ გადასვლა აქვს გადაწყვეტილი და ვარაუდობენ, რომ მას დე ლაურენტისი არ შეეწინააღმდეგება.
„Radio Kiss Kiss Napoli“-ს მტკიცებით სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინ-ჯე „ნაპოლის“ დატოვებს და დიდი ალბათობით კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ინგლისურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ კიმის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ (60 მილიონი ევრო), რაც ავტომატურად ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
„ნაპოლიში“ კიმის პოტენციურ შემცვლელად ბერგამოს „ატალანტას“ მცველ ჯორჯო სკალვინის განიხილავენ, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ დიდი მომავალი აქვს და ბერგამოელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.
გამოცემა „La Gazzetta dello Sport“-ის მტკიცებით, „ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
ნეაპოლური გუნდი ტანგი ნდომბელეს „ტოტენჰემში“ დააბრუნებს, დიეგო დემეს კი ტრანსფერზე დააყენებს.
ზაფხულისთვის „ნაპოლის“ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეყოლება – „სასუოლოს“ ფეხბურთელი დავიდე ფრატეზი, რომლის შეძენაც „რომასა“ და „იუვენტუსსაც“ სურს და „ატალანტას“ ტეუნ კოოპმაინერსი.
გუშინ, გამოცემამ „Fichajes“ გაავრცელა ცნობა რომ ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ის ზაფხულში სხვა კლუბში გადაბარგდება.
28 წლის ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელებაა. პოლონელის შეძენა „ლივერპულს“ სურს, რომელიც 30 მილიონი ფუნტის გადახდასაა ყაბულს.
დიდი ალბათობით „ნაპოლის“ დატოვებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც კარიერას ფრანგულ „პსჟ“-ში გააგრძლებს. პარიზული კლუბი თანახმაა ნიგერიელ შემტევში 160 მილიონი ევრო გადაიხადოს. კიდევ ერთი მოთამაშე რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს დაემშვიდობება მექსიკელი ირვინგ ლოსანოა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლიმ“ შესაძლოა იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი დაიჩი კამადა დაიმატოს.
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომლის „იუვენტუსში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, „ნაპოლიდან“ წასვლამდე ბოლო ტრანსფერზე მუშაობს და ცდილობს, რომ „აინტრახტის“ ნახევარმცველი დაიმატოს. კამადას ფრანკფურტელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, ჯუნტოლის შეუძლია, „ნაპოლიში“ თავისი ბოლო ტრანსფერი უფასოდ გააკეთოს.
მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის პირადი ხელფასია. კამადა 4 მილიონ ევროს ითხოვს, ნეაპოლელების ბიუჯეტისთვის კი ეს თანხა შეუსაბამოა.
ავტორი