ოფიციალური ათენი სარკინიგზო ავარიის ადგილზე, გადარჩენილთა ძებნას წყვეტს. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 3 დღიანი ძებნის შედეგად კი, 57 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი.
მატარებელზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც დაკარგულად არიან გამოცხადებული, ახლობლები და ნათესავები ეძებენ. მეორე დღეა, გაფიცულები არიან რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ქსელის მართვის სისტემა ვადაგასულია, არასაკმარისად ფინანსდება და უსაფრთხო არ არის.
მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მთავრობამ კრიზისი არასწორად მართა.
სარკინიგზო მიმოსვლა ავარიის ადგილზე, დასახლებულ პუნქტ ტემპესთან ჯერ არ არის აღდგენილი.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს საღამოს შეეჯახა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია. შემთხვევის შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა.
სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა.