რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მღებრიშვილის განცხადებით, ცხედარი მდინარის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
მისივე თქმით, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური.
“ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. 11 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.