ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მთავრობის ინიციატივას მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით მიესალმება.
კითხვაზე _ კურნავს თუ არა მარიხუანას მოხმარება რომელიმე დაავადებას?_ ნარკოლოგი გვპასუხობს, რომ არა. მისი თქმით, მარიხუანა გარკვეული დაავადებების სიმპტომებს ამცირებს.
,,ძალიან კარგი ინიციატივაა, როგორც ეკონომიკური, ისე სამედიცინო თვალსაზრისით და თუ პრეპარატები საქართველოში დამზადდება, ძალიან კარგი იქნება.
არსებობს დაავადებები, რომელთა სიმპტომებს ამცირებს მარიხუანას მოხმარება, მაგალითად, ეპილეფსია, დიაბეტი, პარკინსონი და სხვა.
დაავადებები, რომლებიც ჩამოგითვალეთ არის ქრონიკული, მათ მუდმივად სჭირდებათ გარკვეული სიმპტომის მოხსნა. მსოფლიო მიდის ამ გზით და ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ, შანსი გვაქვს, ვიყოთ პირველები“, _ განაცხადა ნარკოლოგმა.
მარიხუანას სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულება აქვს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატს, ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, მირიან წიკლაურს. როგორც წიკლაური ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, არ არსებობს მარიხუანას შემცველი რომელიმე კომპონენტი, რომელიც შეიძლება სამკურნალო საშუალებად ჩაითვალოს.
საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვით, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოება ნებადართული ხდება.