შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.
“დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მდმა“ და „ჰეროინი“.
პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.