საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შორის არსებული მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება საპატიო მისია და პასუხისმგებლობაა.
აღნიშნულ შეხვედრას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.
„ახლა მე მთელი გულწრფელობით გეკითხებით. თბილისში რომ ჩამოსულიყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ. ის მიეღოთ ასე უმაღლეს დონეზე, გამოეცხადებინათ სტრატეგიულ პარტნიორად იქნებოდა თუ არა ეს აღქმული ხალხსა თუ მსოფლიოში, როგორც ღალატი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა. აბა რა განსხვავებაა შოიგუსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შორის? მხოლოდ ის, რომ ერთმა აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონი წაგვართვა, მეორემ რამდენიმე თვის წინ დავით გარეჯი. რა უნდა იფიქრო ამის შემდეგ? ალბათ ის, რასაც ვამბობდით თავიდანვე- ივანიშვილმა თავის მილიარდიან ნავთობ-გაზ-ბიზნესს და არჩევნებში აზერბაიჯანელთა ხმებს შესწირა ჩვენი მეორე იერუსალიმი. ვერცერთი ძალოვანი მინისტრი აზერბაიჯანისა ვერ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში, სანამ არ აღსდეგება სტატუს-კვო. ესაა საერთაშორისო სამართლისა და ელემენტარული სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის აღიარებული მსოფლიო პრინციპი. სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთსა მიწას და სალოცავებს არ ართმევენ,“_წერს ნათელაშვილი.