ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს.
ნათელაშვილი გამოთქვამს ვარაუდს,რომ ივანიშვილს და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული პიროვნული თანამშრომლობა და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობაზე ოცნებებს თავი დაანებოს.
„მიხეილ სააკაშვილს არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის დარდი.
მის განცხადებებს ადრე არ ვეხმაურებოდით. თუმცა წუხელ, მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, სადაც ჩვენი მონაცემი პირდაპირ სააკაშვილის ნაკარნახევია, არ გვიტოვებს უფლებას არჩევნების წინ გავჩუმდეთ და რეაქცია არ გამოვხატოთ.
დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქს, პუტინის რეჟიმს და არა ერთმანეთს.
თუ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია, უჩემოდ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა – ამას ძნელად დავიჯერებთ, მაგრამ საქმეები მეტყველებს მოვლენების ამგვარ განვითარებაზე. მე უფლებას ვიტოვებ გამოვთქვა ეჭვი, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული პიროვნული თანამშრომლობა და ალიანსი, რისი მაჩვენებელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის გამსვლელ სიაში ამ პარტიის სახელოვანი ლიდერების ნაცვლად, ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერა. როგორიც არიან ოქრიაშვილი, ჩოჩელი, ხაბულიანი და ნიკოლაიშვილი.
პირველსავე შემთხვევაში, როცა საქმე მიდგება კოალიციური მთავრობის შექმნაზე, ოთხივე ივანიშვილისკენ გადაიხრება და არცერთ შემთხვევაში ოპოზიციისკენ.
მე მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობაზე ოცნებებს თავი დაანებოს, ის ორი ვადით იყო უკვე პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვით, პუტინის ოლიგარქიის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და შემდგომ მისი სახურავებზე სირბილით კიევში. საკმარისია ეს ყველაფერი.
ის ვალდებულია მორალურად, პოლიტიკურად, ადამიანურად, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას, პუტინისტური ოლიგარქიის მოცილებას, ჩვენი ქვეყნის გადაყვანას პოლიტიკური, სოციალური განვითარების ახალ სიმაღლეებზე და არცერთ შემთხვევაში არ მოგვაბეზროს თავი პრემიერ მინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, რეიტინგების შედგენით და საკუთარ სიებში ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერით. ეს არის მეგობრული რჩევა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. თუ გაითვალისწინებს იქნება კარგი, თუ არა – შედეგებს ვნახავთ“,_ აცხადებს ნათელაშვილი.