BBC-ის ინფორმაციით, ნატო რუსეთს მოუწოდებს უკრაინის საზღვარზე ჯარის რაოდენობის ზრდის შესახებ გეგმა გამჭვირვალე იყოს.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების დიდი და უჩვეულო რაოდენობა დაფიქსირდა.
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთი ბრალდებას უარყოფს და რეგიონში ნატოს აქტიურობის გაზრდას უჩივის.
”ჩვენ ვხედავთ ჯარების უჩვეულო კონცენტრაციას და ვიცით, რომ რუსეთი ადრეც მზად იყო გამოეყენებინა ასეთი სამხედრო შესაძლებლობები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განსახორციელებლად”,_ ამბობს სტოლტენბერგი.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი ყირიმშია, ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა. ჯარები ასევე გროვდებიან უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონის მახლობლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჯარების დაგროვება სახიფათოა, რადგან ეს შეამცირებს გაფრთხილების დროს, თუ რუსეთი გადაწყვეტს „სამხედრო აგრესიული ქმედების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ვითარება “შემაშფოთებელია” და რომ ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას.
ამერიკული მედიის ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონმა გააფრთხილა ევროკავშირის მოკავშირეები, რომ მოსკოვი ემზადებოდა უკრაინაში შესაძლო შეჭრისთვის.
კვირას, ბრიტანეთის ყველაზე მაღალმა სამხედრო ოფიცერმა თქვა, რომ “ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად” სიტუაციის ირგვლივ.
გენერალმა სერ ნიკ კარტერმა BBC One-ის ენდრიუ მარის შოუში განაცხადა, რომ ის „მკაფიოდ იმედოვნებს“ რომ რუსეთთან ომი არ იქნება, მაგრამ ნატო მზად უნდა იყოს.
მან თქვა, რომ ბელორუსიასა და პოლონეთს შორის არსებულ სასაზღვრო კრიზისს რუსეთი გამოიყენებდა უკრაინის მახლობლად მდებარე მისი საქმიანობიდან „ყურადღების გაფანტვის კლასიკურ მაგალითად“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას მოსკოვში სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ შეშფოთებულია ნატოს სამხედრო გემების სამხედრო წვრთნებით შავ ზღვაში ყირიმის მახლობლად.