ნატო „ტვინის სიკვდილს“ განიცდის ამერიკის შეერთებული შტატების არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის და კოორდინაციის ნაკლებობის პირობებში_ ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მაკრონმა ასევე ალიანსის სტრატეგიული მიზნების ნათლად განმარტების აუცილებლობაზე ისაუბრა.
განცხადებას გამოეხმაურა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.
„ნატო ძლიერია. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაშორების ნებისმიერი მცდელობა კი არა მარტო ასუსტებს ალიანსს, არამედ რისკავს ევროპის დაყოფას“, _ ამბობს სტოლტენბერგი.
მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას სხვადასხვა ქვეყნების თანამდებობის პირებიც ეხმაურებიან.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაფართოება და ცვლილებები სჭირდება, რომ დღეს არსებულ რეალობებსა და გამოწვევებს დაუპირისპირდეს.
ემანუელ მაკრონის ნათქვამს არ ეთანხმება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ჰეიკო მაასის თქმით კი, ნატოს ევროპულმა წევრებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მაგრამ ალიანსი კვლავ აუცილებელია ევროპისთვის.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ნატოს შესახებ გაკეთებული კრიტიკული შენიშვნები სახიფათოა.
„ნატო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი მსოფლიოში და როდესაც საქმე ეხება თავისუფლებას და მშვიდობის შენარჩუნებას, მაკრონის კითხვა, თუ რამდენად შეიძლება ალიანსის წევრების ერთმანეთის მიმართ დაყრდნობა დაცვის მიზნით, საშიშია“, _ განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ნატოს აუცილებლობაზე საუბრობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
„მჯერა ნატოს მომავლის. ის იცავს სტაბილურობას, მშვიდობას, ფასეულობებს. ნატო გვჭირდება“, _ ამბობს ჩავიშოღლუ.
მალე ლონდონში ნატოს სამიტი გაიმართება, თუმცა, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ვაშინგტონში შეხვედრაზე მიიწვია. ლიდერები ერთმანეთს ამ კვირაში შეხვდებიან და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ნატოს და ამტკიცებს, რომ ამერიკა სხვა 28 წევრ ქვეყანასთან შედარებით, ალიანსისთვის არაპროპორციულ თანხას ხარჯავს.