ამ წუთებში ხმაურია “ქართული ოცნების” დახურულ შეხვედრაზე ოზურგეთში. როგორც გავარკვიეთ, შეხვედრაზე სიტყვით ნუგზარ გიორგაძე გამოდის, რომელიც შეხვედრაზე მყოფ “ოცნების” ლიდერებს საკუთარ გულისტკივილს აცნობს.
_ უნიათო საკრებულოს წევრები გვყავს, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რომ ოზურგეთში “ნაციონალებმა” არ იბატონონ.
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი “ნაციონალებს” ჩაეგდოთ ხელში. ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია. მიმოიხედეთ _ ოზურგეთის მერმა ყველგან “ნაციონალები” დანიშნა სამსახურის უფროსებად, აიიპ-ების დირექტორებად.
და ამ დროს, “ქართული ოცნების” წევრები, ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ხელისუფლების მოსაყვანად, უპატრონოდ დატოვეს, _ აღნიშნავს გიორგაძე, რომლის ხმა დარბაზის გარეთ ისმის.
გიორგაძეს დარბაზში მყოფებმა სიტყვა ტაშით რამდენჯერმე გააწყვეტინეს და აღნიშნეს, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც ოზურგეთშია:
_ ალეკო მამეშვილიც კმარა _ “ნაციონალების” დროს საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ოზურგეთის მერმა სამსახური ჩააბარა. თუ ეს კადრები არ ჩაიხსნა, ისე არაფერი გვეშველება, _ აღნიშნავს ნუგზარ გიორგაძე, რომელიც პარტიის ლიდერებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ რომ ამ წუთებში, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები, ოზურგეთში, აქტივთან დახურულ შეხვედრას მართავს.