“ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” გარიგების შედეგი ოზურგეთში _ საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი ისევ ტარიელ აროშიძეს ჩაბარდა.
აღნიშნულის შესახებ, გუშინ, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
აროშიძეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 30 ივლისს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მის მიმმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესო ქათამაძის ცემის გამო.
აროშიძის გადადგომა რომ ფიქცია იყო და ეს ნაბიჯი მხოლოდ რამდენიმე თვით, ხმაურის ჩასაყნარებლად გადადგეს, “გურია ნიუსი” 31 ივლისს წერდა _მაშინ, როცა აროშიძე გელა ჩავლეშვილმა ჩაანაცვლა.
იმ დროს ჩვენი წყარო ამბობდა, რომ “ქართულ ოცნებაში” გარიგება შედგა _ აროშიძეს თანამდებობა ორი თვით, ხმაურის ჩასაწყნარებლად დაატოვებინეს, სანაცვლოდ კი “ნაციონალურ მოძრაობას” პროკურატურაში წერილის შეტანა მოსთხოვეს, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ.
წყარო ამტკიცებდა, რომ ბესო ქათამაძემ, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად აროშიძის დასჯას და თანამდებობიდან გადადგომას აქციებით და შიმშილობით ითხოვდა, პოლიტიკური ქულების დაწერის სანაცვლოდ _ რაც ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენებას გულისხმობდა, პროკურატურაში წერილი შეიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას აროშიძესთან პრეტენზიები არ აქვს.
სწორედ ქათამაძის წერილს მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ აროშიძე თანამდებობას ტოვებდა.
პროკურატურაში წერილის შეტანის ფაქტს ბესო ქათამაძე “გურია ნიუსთან” ადასტურებდა და ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში მიიღეს:
_ ჩვენ გამოვიჩინეთ ჰუმანურობა, რადგან არ გვინდა ვინმე ციხეში წავიდეს, _ აღნიშნავდა ქათამაძე და ამბობდა, რომ აროშიძეს ბრალიც კი დაუმძიმდა.
“ქართული ოცნების” წევრების მიერ გალახული “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი პრობლემას ვერც იმაში ხედავდა, რომ აროშიძე ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მხოლოდ ორი თვით გადადგებოდა:
_ მარტო აროშიძე არ ყოფილა იქ _ იყვნენ გოჩა კილაძე, დავით ჭაკნელიძე, გენო ჩავლეშვილი. ჩვენ ამ ადამიანების დასჯასაც ვითხოვთ და ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, _ ამბობდა ქათამაძე.
დანაშაულზე არა, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა ტარიელ აროშიძე:
_ მე გადავდექი იმიტომ, რომ ჩემი თანაგუნდელები უხერხულ მდოგმარეობაში არ ჩამეყენებინა. იმ ინცინდენტს დიდი ხმაური მოჰყვა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე, _ აღნიშნავდა 31 ივლისს “გურია ნიუსთან”
კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა ორ თვეში თანამდებობაზე გვიპასუხა, რომ არ იცის, რა იქნება ორი თვის შემდეგ, თუმცა, აღნიშნავდა, რომ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენ მაშინ ისიც გავარკვიეთ, რომ შიდა პარტიული შეთანხმებით აროშიძის სახელფასო ანაზღაურება იგივე იქნებოდა, რაც ფრაქციის თავმჯდომარეობისას _ იმ სხვაობას, რაც მოადგილის და თავმჯდომარის ხელფასებს შორის იყო ჩავლეიშვილი გაასწორებდა:
_ მე არ ვიცი მასეთი გარიგების შესახებ, _ გვითხრა მაშინ აროშიძემ.
გარიგება უარყო გელა ჩავლეშვილმაც, თუმცა, როგორც ფაქტებმა დაადასტურა “გურია ნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა _ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტარიელ აროშიძეს თანამდებობა დაუბრუნეს.
ამავე თემაზე: “ნაციონალების” და “ოცნების” გარიგება _ რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში