ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრმა კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე გამოსვლისას თანამედროვე სამყაროში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის კლასტერმა” – პოლიტიკოსებმა და მედიამ მიზნად დაისახეს ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები საზოგადოებას არ გაეგო. მდინარაძის მტკიცებით, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვა მიმართულებებს ეს ადამიანები ევროპულს არქმევენ.
“როდესაც რაღაც, ნებისმიერი რამის, არ აქვს მნიშვნელობა ამ მიმართულებით თუ სხვა მიმართულებით პროპაგანდაზეა საუბარი, რაც არის თავის მხრივ არაჯანსაღი თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და ასე შემდეგ, არა სიტყვის თავისუფლების კონტექსტი, გამოხატვის ფორმებითაც პროპაგანდის არაჯანსაღი მეთოდებით, აქ აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და დიახ, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა ერთ-ერთი მთავარი. დიახ მათ შორის [ლგბტ+ თემზე] არაჯანსაღი პროპაგანდაა მათ შორის იცის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლას აქტუალურ და მთავარ თემებზე დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ რომ ლგბტ პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა და გააიგივო ეს ყველაფერი. ევროპა არის თითქოს ამ ნაცმოძრაობის ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან, ასე დომინირებდა ინფორმაცია გუშინ მათ მედია სივრცეში, თითქოს ევროპა იყოს რაღაც ამ მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა და მეორე მხრივ ეროვნული ფასეულობები, ტრადიციული ღირებულებები და ასე შემდეგ, ეს იყოს ყველაფერი რუსული, ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა”, – თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქრისტიანობაზე, ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, პატრიარქზე და სხვა თემებზე ისაუბრა, გააჟღერა პროპაგანდისტულ გზავნილები. ღარიბაშვილმა შეაქო უნგრეთის პრემიერი ორბანი და საპასუხოდაც იგივე დაიმსახურა.