რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ–არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ჩანს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის სავარაუდო დამფინანსებელი, რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი–ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ–ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.
ევგენი პრიგოჟინი, რუსული კერძო დაჯგუფება “ვაგნერის” მთავარ დამფინანსებლად მიიჩნევა.
“სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წარმომადგენელი ვარ. რთული ომი მიმდინარეობს. ჩეჩნები ვერ იბრძვიან. საბრძოლო მასალები 20ჯერ უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე კალინინგრადში. პირველი რაც ხელს გვიშლის დეზერტირობა, ამიტომ უკან არ უნდა დაიხიოთ, ტყვედ არ ჩაბარდეთ და არ გაიქცეთ. ტყვედ ჩავარდნის დროს 2 ხელყუმბარა უნდა გქონდეთ თან. მეორე ფაქტორი რაც ხელს გვიშლის ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულებაა.
6 თვე საბრძოლო მოქმედებების ზონაში იქნებით.
მესამე ხელისშემშლელი ფაქტორი მაროდიორობა, ადგილობრივ ქალებთან და კაცებთან სექსუალური კავშირია. პატიმრების პირველი ჯგუფში, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაში იბრძოდა, 40 ადამიანი იყო. უჰლედარის შეტევების დროს იბრძოდნენ. ყველა სახის სამხედრო ტექნიკა გვაქვს, რაც თავდასხმების დროს გამოგვადგება. მსახურების 6 თვის შემდეგ შეწყალება შეგეხებათ და სახლში წახვალთ. თუ ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტთ, კონტრაქტს გაგიგრძელებთ. ციხეში არ დაბრუნდებით. დეზერტირობის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებით. დასაფიქრებლად 5 წუთი გაქვთ“ – ნათქვამია ვიდეოში.
ავტორი