NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე საქართველო მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევოკავშირის წევრი მისაღებია მოსახლეობის 80%-ისთვის, 12%-ისთვის კი მიუღებელია.
2020 წლის ივნისთან შედარებით, 4 %-ით, 76-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც მისაღებია ქვეყნის გაცხადებული მიზანი, ევროკავშირის წევრობა.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, 16% კი ეწინააღმდეგება.
2020 წლის ივნისთან შედარებით, ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 69 % – დან 74 % – მდეა გაზრდილი.
ცნობისთვის NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.