ბრიტანელი სწავლულები ვარაუდობენ რომ ნეპტუნსა და ურანზე თხევადი ალმასის ოკეანეებში მყარი ალმასის აისბერგები დაცურავენ.
ურანისა და ნეპტუნის შემადგენლობის 10 პროცენტი ნახშირბადია – ალმასების საშენი მასალა. თხევადი ალმასის მისაღებად ძალიან მაღალი ტემპერატურაა აუცილებელი. მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ ალმასის გათხევადების ტემპერატურა ცელსიუსის 3 500 გრადუსია.
„ექსპერიმენტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ტემპერატურის უბრალოდ აწევით ალმასს თხევად მდგომარეობაში ვერ გადავიყვანთ, – განმარტავს კვლევების წამყვანი ავტორი, ჯონ ეგერტი, – აუცილებელია, შევქმნათ უმაღლესი წნევა, რაც მკვეთრად ართულებს გაზომვის პროცესს. წნევის გაზრდა კი აუცილებელია იმისთვის, რომ გაცხელების პროცესში ალმასი გრაფიტად არ გადაიქცეს“.
ცდებში სწავლულებმა პატარა ბუნებრივი ალმასი გამოიყენეს, რომლის მასა კარატის მეათედის ტოლი იყო. მასალის დნობა მიმდინარეობდა ლაზერის ნანოსეკუნდის ხანგრძლივობის ტოლი იმპულსებით შექმნილ დარტყმით ტალღაში. თხევადი ალმასი მიიღეს ისეთი წნევის საშუალებით, რომელიც 40 მილიონჯერ აღემატებოდა ზღვის დონეზე ატმოსფერულ წნევას.
როგორც პრინსტონის უნივერსიტეტის სწავლულმა ტომ ჯეფრიმ განაცხადა, თეორია ნეპტუნსა და ურანზე თხევადი ალმასების ოკეანეების არსებობის შესახებ ახალი არ არის, მაგრამ, უკანასკნელი გამოკვლევების შედეგების თანახმად, ეს კონცეფცია სულ უფრო და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
ნივთიერებათა უმრავლესობა მყარ მდგომარეობაში უფრო მკვრივია, ვიდრე თხევადში და ამიტომაც იძირებიან. წყალი გამონაკლისია – ყინული არ იძირება და ზედაპირზე დაცურავს. აღმოჩნდა, რომ ალმასი ამ მიმართებით წყლის მსგავსია.
თავის დროზე სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ მზე ალმასად გადაიქცევა.