დღეს, დილიდან ოზურგეთის ბაზარსა თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აგრარული კულტურების ნერგებს ყიდიან, უჩვეულო სიძვირე იყო. ნებისმიერი კულტურის ნერგი, 10, 15 ან 20 თეთრი ღირდა, ხოლო კოშტებით გამზადებული 50 თეთრიდან ერთ ლარამდე.
_ ერთის მხრივ კარგია, ფასი უნდა დაედოს გლეხის ნაშრომს, მარა ე ზაფრანის ნერგი რომ არსადაა, მოვიარე მთელი ბაზარი და ჩიხები, რაშია საქმე, ვერც გუშინ ვიშოვე, არც დღეს არის არსად, _ საყვედურს გამოთქვამდნენ მოქალაქეები.
_ დათესე, არაა გვიან, მოესწრება, – შეაშველეს აქეთ-იქიდან.
მართლაც, ნერგების სეზონზე, როცა ბაზარში აგრარული კულტურების ჩითილების სიუხვეა, ზაფრანის ნერგი არსად იყო.
ზოგიერთების რჩევაც არაა ურიგო – ზაფრანს თბილი გარემო უყვარს. ცივ ამინდში აღმოცენებას გაჭიანურებულად ახდენს. წლევანდელმა სიცივეებმა, ეტყობა, აღმოცენების უნარსაც ხელი შეუშალა. დათესვა გვიანი მართლაც არ არის, მით უფრო, ზაფრანს სითბო უყვარს, ათ დღეში აღმოცენდება და გადასარგავიც მალე იქნება.