ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიასთან 54:3 მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განხორციელდა.
15 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების კვართით პირველ თამაშს ჩაატარებს ‘აჟენის’ ბურჯი მამუკა მსტოიანი. ის მოედანზე მარქაფიდან შევა.
სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო. ცენტრში გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელსაც შევეიცარიასთან არ უთამაშია. განაცხადში გამოჩნდა და ფულბეკად თამაშს იწყებს დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ოთარ მეტრეველმა ფრთაზე გადაინაცვლა. კვლავ დამწყებთა შორის არიან მგეზავი ლუკა მატკავა და ფრთა აკაკი ტაბუცაძე.
შეიცვალა ორივე ბურჯი და სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გოგინავას და ირაკლი აფციაურს ვიხილავთ. შვეიცარიასთან არ უთამაშია და ახლა თამაშს იწყებს მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, ხოლო მეორე ხაზში მარქაფიდან დავით ლაგვილავა დაწინაურდა, რომელსაც ივერდონში სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.
მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ვანო კარკაძემ, მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელებმა – ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.
დებიუტანტ მსტოიანის გარდა, მარქაფაში გამოჩნდნენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. ჭუმბაძე და ჩაჩანიძე გუნდს ამ კვირის დასაწყისში შეუერთდნენ. მარქაფაში გადაინაცვლეს მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა და 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. კვლავ შეცვლაზე არიან მესამეხაზელი ანდრო დვალი და მგეზავი თედო აბჟანდაძე.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიდერლანდებს ესპანეთმა 51:33 აჯობა. მომავალი შეხვედრა საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.






































































