,,დადის ირაკლი ღარიბაშვილი და იწყევლება რაიონიდან რაიონში. იწყევლება, იწყევლება, იწყევლება“… – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოში მობილიზებულ სპეცრაზმთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განუცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ღარიბაშვილი, რაც უფრო გააგრძელებს ბატონ კალაძესთან ერთად ზიზღის ფრქვევას, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიცია.
,,ჩვენი ფიქრები, ჩვენი ენერგია და დრო გვინდა მოხმარდეს მომავალზე ფიქრს და არ ვიყოთ შესული ბატონ ღარიბაშვილთან ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოში, იწილო-ბიწილოთი და ამ პოლიტიკური „პინგ-პონგით“ არ გვინდა დავკავდეთ. არჩევნებს არათუ აგებენ სამეგრელოში, ჩათვალეთ, რომ წაგებული აქვთ. მე არც კი ვუშვებ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, რაიმე მოიგოს სამეგრელოში. მეტსაც გეტყვით, დიდი სხვაობით წააგებს. ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო გააგრძელებს ბატონ კალაძესთან ერთად და ბატონმა კალაძემ აჯობა უკვე ბატონ ღარიბაშვილს ზიზღის ფრქვევით, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში. გამარჯვება იქნება დამაჯერებელი. სპეცრაზმით, პროკურორებითა და თოფიანი ადამიანებით საზოგადოებას ხელს ვერ გადაუწევენ და ვერ გადაუგრეხენ. ეს ხომ გამორიცხულია.
პოლიციის უამრავმა ღირსეულმა თანამშრომელმა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, კიდევ დატოვებს თანამდებობებს, იმიტომ, რომ არსებობს ღირსება, მუნდირი პოლიციელისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა ვერც ღარიბაშვილმა და ვერც სხვამ ვერ უნდა მიაყენოს. ამიტომ, ამ ყველაფერს ითვალისწინებენ, მძიმე მდგომარეობაში არიან. უბრალოდ, დადის ბატონი ღარიბაშვილი, მადლობა მას და იწყევლება რაიონიდან რაიონში. იწყევლება, იწყევლება, იწყევლება“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლში მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა და სამართალდამცველების მობილიზება ხდებოდა, ასევე, მედიისვე ინფორმაციით, შიდა ქართლის სამმართველოდან საპოლიციო ძალები დასავლეთ საქართველოსკენ გადაიყვანეს.
დღეს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტა, რომ შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
[sexy_author_bio]