არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ! – კიდევ ერთხელ აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
როგორც ნიკა მელია წერს, გირაო უკანონო და “იურიდიული აბდაუბდაა”, მის წინააღმდეგ კი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მისივე თქმით, არც მას და არც მის ადვოკატს გირაოს გადახდისთვის საჭირო კოდი არ მოუთხოვიათ, შესაბამისად თუ აღმოჩნდება, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის გირაოს, ეს ხელისუფლების ბინძურ მაქინაციად ჩაითვლება:
“სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.
მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ…
ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!
მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!
გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.
ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!” _ წერს ნიკა მელია.