„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტიას აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობაა.
„მოგესალმებით ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთადერთ პარტიას, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ არ გაქრა ასპარეზიდან და საქმიანობა გააგრძელა, როგორც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ. პარტიას, რომელმაც 2003 წელს ბნელს ნათელით სძლია და „ვარდების“ რევოლუცია ოქროს ასოებით ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც. ქვეყნის საკეთილდღეოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ორივე – იერიშიც და უკან დახევაც, ასეთი არის ხალხის ნება“, _ განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ ახლა პარტიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.
„მჯერა, რომ უახლოეს მომავალში გავხდებით უფრო მეტი, ბევრად კვალიფიციურები და ბრძოლისუნარიანები. ჩვენ დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება იდეა და მოტივაცია იყოს თითეული თქვენგანის პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს ყველას ერთად და არა საკუთარ თავს. ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, კმარა უფსკრულისკენ სვლა და გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.