„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთავარ სათქმელს ის სხდომათა დარბაზში იტყვის.
„ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ივანიშვილის ხელისუფლებას გადადგამს, სადაც უნდა გადაიდგას. ისტორიის სწორ მხარეს დღეს დგას ქართველი ხალხი, არასწორ მხარეს კი – ივანიშვილის ხელისუფლება. ამ სამყაროში არაფერია მართალ ადამიანზე ძლიერი. როდესაც ადამიანი მართალია, ის მთასაც გადადგამს. რომელი მთა ივანიშვილია?! აქედან გამომდინარე, გამარჯვება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხისა და ჩამოშორების შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყოს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანას მკაფიო და ნათელი მომავალი ჰქონდეს“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია პარლამენტში პირველად მივიდა, მას შემდეგ რაც 3 ივლისს მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს. 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. დეპუტატებს სიტყვით პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარია მიმართა.
რეგლამენტის თანახმად, კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების გამოსვლები, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.
მთავრობისთვის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა არის საჭირო, პლენარული სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია 104-მა დეპუტატმა გაიარა.
პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.
imedinews.ge