,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ამ წუთებში, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას საპატიმროსთან თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გადახდილი გირაოს შემდეგ, პატიმრობიდან 16:30 სთ-ზე გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწვეტილება მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა, მიიღო.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაის გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა. რომლის შემდეგ 9 მაის საქართველოს პროკურატურამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.
ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.