„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.