თბილისის საქალაქო სასამართლოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა. პროცესი, რომელსაც ნიკა მელია არ დასწრებია, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ნიკა მელიას საქმეზე, დღესაც ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს.
სასამართლოს ჩვენება, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შესახებ, დღესაც პოლიციელებმა მისცეს, თუმცა სამართალდამცველებმა თქვეს, რომ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, მხოლოდ ის მიმართვა ესმოდათ, რომელიც ნიკა მელიამ მიკროფონში გააკეთა.
“ფაქტობრივად, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიგია. ორივე მათგანი აფიქსირებს და მხოლოდ და მხოლოდ გაიგეს ნიკა მელიას ის განცხადება, რომელიც მიკროფონში იყო ნათქვამი და გავიდა ყველა ტელეარხით.
რაც შეეხება დეტალებს ან პირად საუბრებს ან მის მოქმედებებს არცერთი მათგანი აფიქსირებდა, რომ არც ვიზუალური აღქმა არც ნიკა მელიას სხვა საუბრები არ გაუგიათ და არც მისი აქტიური მოქმედებებისთვის მიუდევნებიათ თვალი.
მსგავსი ჩვენებებია 90% ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენება და მსგავსი მტკიცებულებები არაფრის მთქმელი არ არის”,– თქვა მელიას ადვოკატმა.
საქმის პროკურორის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო და სამართალდამცველებზე შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.