მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, პატიმარი თავს სუსტად გრძნობს, მედიკამენტების მიღებაზე კი უარს აცხადებს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ანალიზების შედეგების გარკვეული ნაწილი გაუარესებულია.
„მედიკამენტებს არ იღებს, ტესტები ავიღეთ. ტესტების გარკვეული ნაწილი უარესია, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ აქ მკურნალობას არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი. ჩემი რეკომენდაციაა რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა“, – განაცხადა ყიფშიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.