მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას სტაბილურობას ვერ დავარქმევთ, რომელიც რამდენი დღეა შიმშილობს, სტაბილურად კრიტიკულია – ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, ამჟამად სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა შედგება, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა სავარაუდოდ ორ დღეში მოხდება.
ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და იგი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
„ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად. მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, იქვე ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია. ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, ამჟამად იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, შუადღისას დაახლოებით, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან. საკმაოდ ბევრს მე ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. ამის გარდა მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღეს დარჩებიან და სულ იქნებიან აქ მორიგეობით. ნინო ლომჯარიას კონსილიუმი ალბათ შედგება დაახლოებით ორ დღეში.
სტაბილურობას ვერ დავარქმევთ ავადმყოფის მდგომარეობას, რომელიც რამდენი დღეა შიმშილობს, სტაბილურად კრიტიკულია. ავადმყოფი გადავიდა ინტენსიური თერაპიის პალატაში“, – განაცხადა პირადმა ექიმმა.