ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, _ ამის შესახებ ანანიაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩება.
“დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.
მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემ მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი _ ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში”, _ ამბობს ნინო ანაიაშვილი.
მისი თქმით, გუნდთან ერთად ოთხი წლის სამომავლო გეგმა უკვე დაგეგმა.
“თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა”, – აღნიშნა ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილს 1999 წლის დეკემბერში გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“. 2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2017 წელს იაპონიის იმპერატორის პრემია გადაეცა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.




































































